რიკო კრედიტი: „1 ივლისიდან სალომბარდო ბაზარზე მხოლოდ პატიოსანი მონაწილეები დარჩებიან“
05 ივნისი, 2019

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 1 ივლისიდან კიდევ ერთი რეგულაციის დაწესებას მიესალმება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი და აცხადებს, რომ დღეს სალომბარდო ბაზარზე ქაოტური მდგომარეობაა, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე  უამრავი, მცირე ზომის ლომბარდია, რომლებიც სრულად გაუმჭირვალედ ოპერირებენ და მომხმარებლებს პრობლემებს უქმნიან. 

 

„განსაკუთრებით, სერიოზული პრობლემები იყო ზუგდიდში, მსგავსი ქეისებია თბილისშიც.  ასეთ პატარა ლომბარდებს არ აქვთ არც გამჭვირვალე ფინანსური აღრიცხვა, არც მონიტორინგი. როდესაც ოქრო ლომბარდში  ბარდება, მისი ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე მის შედეგად გაცემული სალომბარდე სესხის მოცულობა.  შემდეგ ამ პატარა ლომბარდების მიერ საფინანსო ინსტიტუტებში ხდება ნივთების გადაგირავება ისე, რომ  ხშირ შემთხვევაში ეს  თავად მომხმარებელმაც არ იცის. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: ძალიან ხშირად, პატარა ლომბარდების მეპატრონეები არაკეთილსინდისირად იქცევიან. კერძოდ, როდესაც კლიენტი ლომბარდს  ფულს უხდის, მაგალითისთვის, თვეში 3%-ს, აქედან ლომბარდებმა  1.5%-ი  ბანკში უნდა გადაიხადონ. დარჩენილ 1.5%-ს კი ესენი  თავისი პირადი მიზნებისთვის ხარჯავენ.  საფინანსო ინსტიტუტებში დავალიანებას აღარ იხდიან, რის შემდეგაც ეს საფინანსო ინსტიტუტები ნივთების რეალიზაციას ახდენენ. საბოლოო ჯამში დაზარალებული გამოდის მომხმარებელი. ამ ხალხს გადახდილი აქვს ფული და ნივთებს აღარ უბრუნებენ.ესეთი შემთხვევები ძალიან ხშირია.


ჩვენთან მაგალითად, პოლიციამ ამოიღო პატარა ლომბარდის მეპატრონის მიერ (დააგირავა როგოროც კერძო პირმა) დაგირავებული 20 000 ლარის ნივთები იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გაირკვა, რომ ამ ადამიანმა თავის ლომბარდში მოსახლეობისგან ჩაიბარა ნივთები, ჩვენთან  გადააგირავა და საბოლოოდ, თანხა არ გადაიხადა. აღნიშნულ ქეისში ისევ მოსახლეობაა დაზარალებული, “-აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

 

მისივე განმარტებით, ბანკმა უნდა გააკეთოს სალომბარდო პორტფელის და კომპანიის  სწორი ანალიზი, შედეგად, ლომბარდებს ექნებათ  უფლება დააგირაონ სესხები და არა ფიზიკურად ნივთები. ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს  ნივთები არის მეპატრონის და არა ლომბარდის. ეს მკაცრად უნდა იყოს გააზრებული.

 

„თქვენ რომ 10 000 ლარის ოქროს დააგირავებთ ლომბარდში და ის გადააგირავებს ბანკში,ამ ოქროს უკვე ბანკი ქირაობს და თქვენ  მასზე იურიდიული წვდომა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ გაქვთ“-აცხადებს ნიკოლაიშვილი.

 

მისი განმარტებით, ლომბარდის გახსნას არანაირი ფინანსური ანალიზი  არ სჭირდება.

„კომერსანტის„ კითხავზე, მაშინ როდესაც ლომბარდებს 2019 წლის 1 იანვრიდან უკვე დაუწესეს რეგულაციები, მათ შორის სავალდებულო გახადეს მათი ლიცენზირება, რომლის ღირებულებაა 10 000 ლარი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველი მეორე ასე მარტივად ლომბარდს ვერ გახსნის? ნიკოლაიშვილი განმარტავს: „10 000 ლარს გადაიხდის და 100 000 ლარის პროდუქციას წაიღებს. ამას რომ მიითვისებენ მერე რა ვქანთ?“-აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.  

„კომერსანტის“ კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში, ხომ არ დაზარალდება პატიოსანი მეწარმე, ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ლომბარდების 70%-ს შავი ბუღალტერია აქვს. ეს არის ეკონომიკის უზარმაზარი შავი ხვრელი. რაც შეეხება პატიოსან მეწარმეს, ასეთი სქემის და რეგულაციების დაწესების შემთხვევაში არ დაზარალდება.

ნიკოლაიშვილის განმარტებით, მეწარმე, რომელიც გადასახადებს იხდის, გამჭირვალედ აჩვენებს თავის შემოსავალს და ყველაფერს, ჩვეულებრივად შეძლებს სესხის დაგირავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი  მეწარმეებს სესხს ვერ მისცემს. არაპატიოსნად მომუშავე  მეწარმეები თუ გავლენ ბაზრიდან, უფრო კარგი იქნება. „ბანკიც მონდომებულია რომ სესხი გასცეს.სესხის მოთხოვნის დაგირავებას ლომბარდებს არავინ არ უკრძალავს."


რაც შეეხება იმას, თუ რა არის სესხის დაგირავება  როდესაც ლომბარდში ნივთს აგირავებთ, თქვენ გაქვთ გადახდის ვალდებულება  ლომბარდის მიმართ. ამ მოთხოვნის გადაგირავებას ლომბარდის მფლობელები ბანკში შეძლებენ. ისე, როგორც ბანკები, რომლებიც იპოთეკურ პორტფელებს აგირავებენ ეროვნულ ბანკში. ზუსტად ასე შეუძლიათ გადააგირაონ თავისი სასესხო მოთხოვნები კომერციულ ბანკებში. ეს ძალიან მარტივია,“-აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

 

ახალი რეგულაციის მიხედვით, ლომბარდებს  ბანკებიდან ფინანსური რესურსების მოძიება გაურთულდებათ.ცვლილება შედის „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ კანონში. კერძოდ, სესხის გამცემ სუბიექტს ეკრძალება გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება . ასევე, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც.

 

ლომბარდებზე გარკვეული ტიპის რეგულაციები  წლის დასაწყისიდან  უკვე  გავრცელდა. მათ შორისაა ლიცენზიების აღება და ამაში 10 000 ლარის გადახდა, ფართთან დაკავშირებული საკითხები. მაშინდელი რეგულაციის მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალის საოპერაციო ფართი უნდა იყოს არანაკლებ 15-20 მ2. სავალდებულო გახდა ფართის გადატიხვრა, რემონტი, ვიდეოკამერები, ცეცხლგამძლე სეიფები და ა.შ., რაც საბოლოოდ ლომბარდის მფლობელებს ათი ათასობით ლარი დაუჯდა.

რაც შეეხება სტატისტიკას, „საქსტატს“ 2018 წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა, 2017 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია ფიქსირდებოდა. აქედან, 55,7% თბილისში , 12,1% - იმერეთის რეგიონში, 9,9% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7% - აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6%- სხვა რეგიონებში ფუნქციონირებდა. ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ, 2017 წლის ბოლოსათვის 23,8 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის 79,8% გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 20,2% - უცხოურ ვალუტაში.



 

ოქროს თამასუქი
sesxi